“ღია დიალოგი ბიზნესთან” – სავაჭრო – სამრეწველო პალატამ რეგიონებში შეხვედრები ქუთაისიდან დაიწყო
ქუთაისში სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
შეხვედრაზე სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა მოქმედ მეწარმეებს დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის პალატის გეგმები გააცნო.
შეხვედრის მიზანი მეწარმეებთან უშუალო კომუნიკაცია, არსებული გამოწვევების გამოვლენა, სახელმწიფო სერვისებისა და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა.
“2020 წელი იმერეთში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ბიზნესის განვითარებისთვის და ბიზნესმენებისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან საინტერესო პროექტები მიმდინარეობს და ასევე ძალიან საინტერესო პროექტებია დაანონსებული. შესაბამისად, ჩვენგან მაქსიმალურად იქნება ბიზნესის ხელშეწყობა, რომ მოხდეს მეტი სამუშაო ადგილის გაჩენა”, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან პირისპირ საუბარი სამინისტროს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რათა სახელმწიფო ბიზნეს სფეროში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
“პირდაპირი კომუნიკაცია ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად იყენებს, იმისათვის რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს. დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურებოდა. ჩვენ შევხვდით 150 კომპანიას და ინფორმაცია გავცვალეთ. ერთის მხრივ, მივაწოდეთ ბიზნესს ინფორმაცია პროგრამების შესახებ, რომლებიც ხორციელდება და რომელიც იგეგმება. ეს პროგრამები ხელმისაწვდომია მცირე და საშუალი ბიზნესისთვის. ასევე, მოვისმინეთ მათგან ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც ამ რეგიონში არის. ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე კომუნიკაცია გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მცირე და საშუალო მეწარმეებს სავაჭრო სამრეწველო პალატა ყველა რეგიონში შეხვდება. შეხვედრების შედეგად უნდა გამოვლინდეს პრიორიტეტები, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროულად მიტანა.