აშშ-ს ელჩი ეუთოში: საქართველო ევროპის საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დამცველის რანგში თავმჯდომარეობს
„ის რომ დღეს საქართველო ევროპის საბჭო თავმჯდომარეა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ეს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ასრულებს”, – ამის შესახებ ეუთოში აშშ-ს ელჩმა ჯეიმს გილმორმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო, მიუხედავად მის წინაშე მდგარ საგარეო საფრთხეებისა, უსაფრთხოების მომხმარებლიდან უსაფრთხოების დამცველ სახელმწიფოდ იქცა.
„სწორედ უსაფრთხოების დამცველის რანგში თავმჯდომარეობს დღეს საქართველო ევროპის საბჭოს და გულმოდგინედ იღწვის იმისთვის, რომ დაიცვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემაზეა აგებული”, – განაცხადა ჯეიმს გილმორმა.
როგორც ეუთოში აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ქართველი ჯარისკაცები აქტიურად მონაწილეობენ ერაყში (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის (ISAF) ოპერაციაში, სადაც საქართველო ნატოს არა-წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. ამასთან, საქართველო, რომლის უპირველეს პრიორიტეტს დღესდღეობით NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს, ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას კვლავაც განაგრძობს.
საქართველოს, როგორც საერთაშორისო მშვიდობისმყოფლის მისიაზე საუბრისას, ეუთოში ელჩმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი, რომელიც სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიისა და საკუთარი ხალხის მიმართ რეპრესიული ქმედებების განხორციელების გზით ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
ელჩის თქმით, ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დამრღვევ სახელმწიფოებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ.
„მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, დააბრუნოს თავისი ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ჯეიმს გილმორმა.
ჯეიმს გილმორის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია, ამასთან ის მიესალმება საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის განმტკიცების მიმართულებით.