კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა, 7 ათასზე მეტი დაავადებულია – WHO დღეს კიდევ ერთ სხდომას გამართავს
ჩინეთში გავრცელებულ მომაკვდინებელ ახალ კორონავირუსს 2019-nCoV -ს, 170 ადამიანი ემსხვერპლა, 7 ათასზე მეტი დაავადებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში 38 ადამიანი დაიღუპა. ასევე გამოვლენილია 1700 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებულია 7711 შემთხვევა, 12167 ადამიანს აკვირდებიან.
დაინფიცირების შემთხვევა ტიბეტშიც გამოვლინდა, ეს ჩინეთის ერთადერთი მხარე იყო, სადაც ამ დრომდე კორონავირუსი არ გავრცელებულა.
29 იანვრის საღამოს მდგომარეობით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსის 50 შემთხვვაა გამოვლენილი, მათ შორის ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სინგაპურში, აშშ-ში, ტაილანდში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში და იაპონიაში, ასევე გერმანიაში.
დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო კომიტეტის კიდევ ერთ სხდომას გამართავს, რომელზეც კომიტეტის წევრები განსაზღვრავენ, არის თუ არა ვირუსთან დაკაშირებული ვითარება „საგანგებო”.
საგანგებო კომიტეტის პირველი შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა. მაშინ, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი კორონავირუსი „საგანგებო მდგომარეობას“ არ წარმოადგენს.