კრისტალებით მბზინავი სამყარო და „საქართველოს რუკის“ გულსაბნევი, წითლად დაფერილი ოკუპირებული ტერიტორიებით

მძივებითა  და მბზინავი კრისტალებით ულამაზეს სამკაულებს ქმნის. განსაკუთრებით მოსწონთ მისი გულსაბნევები. ფიქრობს, რომ გულსაბნევი სამოსის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და ბედნიერი, რომ ამ საქმეში საკუთარი თავი იპოვა.
გამორჩეულია მისი „საქართველოს რუკის“ გულსაბნევი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები შემოსაზღვრულია წითლად, ხოლო მეორე ვარიანტში წითლად დაფერილი მთლიანი რუკა საქართველოს მეწამულ წარსულს ჰგავს. – თვითნასწავლი ხელოვანის, სოფიო სანთელაძის პერსონა.

– არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ბევრი მშვენიერი მომენტი მახსენდება ბავშვობიდან და მაინც ყველაზე მეტად მახსენდება ის წუთები, როცა მამას ბოლოჯერ დავემშვიდობე…
როდის დაიწყეთ ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება?
– სკოლის პერიოდში ხელოვნებისადმი ინტერესი არ მქონია.
დიდი დრო დამჭირდა მოსაფიქრებლად, რა შეიძლებოდა მეკეთებინა ისეთი, რითაც სიამოვნებასაც მივიღებდი და თანხასაც გამოვიმუშავებდი.
ორი თვის წინ გადავწყვიტე, მეცადა ბისერით გულსაბნევების შექმნა და რადგან გარშემომყოფების დიდი მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე გვერდის შექმნა:  https://www.facebook.com/sofitasi/
– თქვენს ფეისბუქგვერდზე მრავალი ორიგინალური ნივთის ფოტოა. ყველაზე მეტად რომელი ნივთი მოსწონს მნახველს?
– ყველაზე დიდი გამოხმაურება და მოწონება „კბილის“ ფორმის გულსაბნევმა დაიმსახურა.
გულსაბნევი სამოსის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია“, – ეს არის თქვენი  გზავნილი…
– „დაკავდით საყვარელი საქმით და არცერთი დღე არ მოგიწევთ მუშაობა“, – ეს სიტყვები ჩემი დღევანდელი რეალობაა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თავი ვიპოვე ამ საქმეში.
ჩემი თითოეული ნამუშევარი შექმნილია ენთუზიაზმით. გამორჩეულად მომწონს „საქართველოს რუკის“ გულსაბნევი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობას ასახავს.
თქვენი ფლამინგო სტამბოლში გაფრინდა…
– პირველი ფლამინგოს დამზადება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. არასდროს მეხერხებოდა ხატვა, ამიტომ ბევრი წვალება მომიწია, თუმცა მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია.
ვფიქრობ, მთავარი მონდომება, საკუთარი თავის რწმენა და ბევრი შრომაა საჭირო და ყველაფერი გამოგივა.
– რისგან ამზადებით ხელნაკეთ ნივთებს?
– Sofita’s handamade-ს ბროშები დამზადებულია უბრალო მძივებითა  და მბზინავი კრისტალებით.
– შთაგონებისთვის რა გჭირდებათ?
– შთაგონება შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა მომანიჭოს, თუმცა ჩემი მთავარი შთაგონების წყარო ჩემი მეუღლეა, რომელიც მზა ბროშს საბოლოოდ აფასებს და რადგან ძალიან კრიტიკულია, უფრო მეტად ორიენტირებული ვარ დეტალებზე.
–  სამომავლო გეგმები…
– რადგან თვითნასწავლი ვარ, ჩემს სამომავლო გეგმებში შედის ამ საქმიანობის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

თამარ შაიშმელშვილი

 






 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები