„ახლა საჭიროა პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი მუშაობა” – 29 დეკემბერს საქართველოსა და მსოფლიოში ვაჟა ექიმის თავისუფლების სიგნალი გაისმება

ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ“კვირას“ პრესკლუბში ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა განაცხადა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებით, მათი ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს.

„ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით – ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიმპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს- ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას”- განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღეს , 19:00 საათზე წიგნის საახალწლო ფესტივალზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან მწერლები, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობები.
„ამის გარდა ამ ჯგუფის ფარგლებში ჩვენ გადავწყვიტეთ გავმართოთ აქცია-პერფორმანსი, ჩვენი სიფხიზლისთვის, 29 დეკემბერს საქართველოში და მსოფლიოში,
სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმას! ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი – თავისუფლების სიგნალი, რომელსაც
პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო. გაიგონებენ პაციენტები და ექიმები მთელი მსოფლიოდან და მათ შორის ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო. გავიგონებთ და გავიხსენებთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მნიშვნელოვანი რამ, იმაზე უფრო ზუსტი ნიშანი ადამიანად ყოფნის, ვიდრე თავისუფლებაა! და რომ თითოეული ადამიანის თავისუფლება არის ჩვენი, მილიონობით ადამიანის თავისუფლების საყრდენი და ეს სიგნალი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უკანანოდ შეეზღუდა! და ეს სიგნალი იქნება იმედის სიგნალიც, რომ სასწაულები ხდება, და რომ სასწაულებს ხანდახან ადამიანებიც ახდენენ, ოღონდ ამისთვის ჩვენ ერთობლივი  ძალისხმევა გვჭირდება! ცხადია, სიგნალი სიმბოლურია და პარალელურად უამრავ ნაბიჯს ვდგამთ, მაგრამ ხანდახან ნაბიჯებს ზურგის ქარიც სჭირდება, ქარი, რომელიც ყველა თქვენგანის მხარდაჭერას ნიშნავს!
29 დეკემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში და სოფელში, 19.00 საათზე, შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, ვისაც
ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი თავი გაღელვებთ 2020, 21 და  მომდევნო წლებში. მისია მარტივია – დაასიგნალეთ, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან! გვინდა , მოგილოცოთ დამდეგი შობა – ახალი წელი, ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში. გისურვოთ ის რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს – უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით ცივ საკანში შეხვდეს”- განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

20 დეკემბერს, დე ფაქტო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები