ფოთელებმა ქალაქში გავრცელებული თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს
ფოთში, ადგილობრივებმა ქალაქში გავრცელებული თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი, ქაფშიის გადამუშავების სეზონზე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება და ეს პრობლემა წლებია აწუხებთ.
აქციის მონაწილეებმა, მერიიდან ქალაქის გასასვლელამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
“ჩვენ ვითხოვთ მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას. მოვახდენთ ქარხნების პიკეტირებას და გადავკეტავთ ცენტრალურ საავტომობილო გზას. პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს, სამუდამოდ უნდა გადაიჭრას”, -განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვოვა ამბალიამ.
ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს. ქარხნების ხელმძღვანელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი. ოთხივე კომპანია ფლობს თევზჭერის ლიცენზიას, რომელთა მოქმედების ვადაც, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.