“დროა, საქართველოს ბიუჯეტში ხელებნაფათურები ადამიანები გვერდზე გავწიოთ“ – ახალი პოლიტიკური კოალიცია იქმნება
პოლიტიკური ორგანიზაცია „პროგრესულ დემოკრატიულ მოძრაობა“ და პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“, კოალიციას – „ახალ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებას“ ქმნიან, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „პროგრესულ დემოკრატიულ მოძრაობის“ თავჯდომარემ, ლაშა სტურუამ და „სოციალური სამართლიანობისათვის” თავმჯდომარემ მამუკა ტუსკაძემ განაცხადეს.
„დღეს პოლარიზებულია სიტუაცია, ერთ მხარს არიან ე.წ. ქოცები და მეორე მხარეს ე.წ. ნაცები, ასევე მათთან მიბმული კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციები.
ფაქტია, რომ ქვეყანა დიდი ხანია იმყოფება გარემოში, როცა ერთი მხარე მეორე მხარეს ავადსახსენებლ 9 წელს ახსენებს და მეორე მხარე 8 წელს. ეს ორი პოლიტიკური ცენტრი, ჩვენი აზრით , კვებავს ერთმანეთს. ისინი ერთმანეთის ბრალდებების საფუძველზე ცოცხლობენ. დღეს ჩვენ ვაკეთებთ განაცხადს: ჩვენ არ ვაპირებთ ე.წ. მესამე ძალის შექმნას, ჩვენ ვაპირებთ ალტერნატიული ძალის შექმნას. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩვენსავით სუფთა წარსულის პოლიტიკურმა ლიდერებმა და პარტიების წევრებმა , შევქმნათ ერთგვარი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ორპოლუსიანობას ჩაანაცვლებს. დროა, რომ საქართველოს ბიუჯეტში ხელებნაფათურები ადამიანები ნელ-ნელა გვერდზე გავწიოთ“, – განაცხადა ლაშა სტურუამ.
მისივე თქმით, აქვთ კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა, ამ ეტაპზე მათ არ დაასახელებენ.
„ჩვენ უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად განვაცხადებთ, ვისთან მოგვიწვეს თანამშრომლობა, რა გეგმები გვაქვს 2020 წლის არჩევნებისთვის. უამრავი კანონპროექტი გვაქვს მომზადებული. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის საკითხს – მხარს ვუჭერთ, რომ რაც შეიძლება სწორად და სამართლიანად იყოს ჩამოყალიბებული იმ 73 მანდატის პორნციპი, ამასთან დაკავშირებით ნაფიქრი გვაქვს და უახლოეს პერიოდში პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება 73 მაჟორიტარის მანდატი განაწილდეს ისე, რომ კონსტიტუციას არ დასჭირდეს შეცვლა”, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.