სამოქალაქო აქტივისტებმა შს სამინისტროსთან სკოლის მერხი მიიტანეს
სამოქალაქო აქტივისტებმა და მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მდუმარე პერფორმანსი გამართეს.
მათ უწყების შენობის წინ სკოლის მერხი და სკამი მიიტანეს.
მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის, ნოდარ რუხაძის თქმით, ამ ფორმით მათ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალება გააპროტესტეს.
გარდა ამისა, “სირცხვილია“, “შეცვალე“ და “გაბედე“ დღეს, 19:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გეგმავს.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.