“საქართველოს მელიორაციაში“ სტაჟორება 8 სტუდენტმა გაიარა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის რვა სტუდენტმა გაიარა.

სამი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპანიის სერვისცენტრებში და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საექსპლუატაციო სამუშაოებს დასწრებოდნენ.

პროგრამა სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები შპს “საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ გადასცა. ღონისძიებას კომპანიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები ესწრებოდნენ.

შპს “საქართველოს მელიორაცია“ გეგმავს მომავალშიც შესთავაზოს სტუდენტებს კომპანიაში სტაჟირების გავლა, რათა მელიორაციის დარგის მოტივირებული და კომპეტენტური ახალგაზრდა სპეციალისტების რესურსით შევსებას შეუწყოს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები