დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი სამი კანდიდატიდან კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
ფარულ კენჭისყრამდე კომიტეტის წევრებმა კახა ბექაურს, ივანე მახარაძესა და მარიამ სულაბერიძეს მოუსმინეს.
ბექაურმა, რომელიც 2017 წლიდან დღემდე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ყველა კანდიდატი ერთი გუნდის წევრი და თავისი საქმის პროფესიონალია.
ფარული კენჭისყრის შედეგები დეპუტატებს რევაზ არველაძემ გააცნო. სხდომას კომიტეტის 10 წევრი ესწრებოდა. მათგან ცხრამ მხარი კახა ბექაურს დაუჭირა. ივანე მახარაძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, მარიამ სულაბერიძეს კი მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.
ივანე მახარაძე კომისიაში 2007 წლის 24 დეკემბრიდანაა დასაქმებული. 2013 წლიდან მას უკავია აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის პოზიცია.
მარიამ სულაბერიძე 2012 წლის 17 სექტემბრიდან კომისიაში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად იყო დასაქმებული. 2018 წლიდან კი ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსია.
ცნობისათვის, კახა ბექაური პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით 2014 წელს აირჩია. 2017 წლის მაისში კი ის კომისიის თავმჯდომარე გახდა.