სანდრო თვალჭრელიძე: საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ახლაც დაიწყებენ ისევე, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და მიიჩნევს, რომ როგორი საარჩევნო სისტემითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, “ქართული ოცნება” მწარედ დამარცხდება.

“როგორი საარჩევნო სისტემითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება. მეტიც – დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, ვფიქრობ, მწარედ დამარცხდებიან. ეს ცუდია, რადგან შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” შემოგვიბრუნდეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რევანშის ძლიერი ტალღა.

ვფიქრობ, პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილებით საზოგადოების ღირსების შელახვის სახიფათო ზღვარს გადააბიჯეს. ხომ იჩემებენ ეს მაჟორიტარი დეპუტატები, რომ მათი წინააღმდეგობის შედეგია ყველაფერი. მაინტერესებს, არ უნდათ ამ საზოგადოებაში არსებობა, ქუჩაში გასვლა, ადამიანებთან შეხვედრა?! გაითვალისწინონ, რომ ქართველი საზოგადოება ძალიან ემოციურია და შეიძლება სადმე ტუჩ-კბილიც დაულეწონ. კრიტიკას ვერ უძლებს მთელი სადეპუტატო კორპუსი. ბევრია ისეთი, რომლის გვარ-სახელიც კი არ ვიცოდით და ახლა ამბოხებულებად მოგვევლინენ. ყველა დეპუტატი თავის სკამსა და ოჯახზე ფიქრობს, მერე კი, თუ დარჩა დრო, ქვეყანასა და თავის მოვალეობებზე. ისინი არიან იმისთვის, რომ ღილაკს თითი დააჭირონ, გარდა ასეთი საკრალური მომენტებისა, რაც, ვისგან არის ინსპირირებული, საკითხავია. ვიღაცას უნდა, რომ ამ გაუთავებელი რყევებით ქვეყანა საბოლოოდ გადაჩეხოს ქაოსისა და სამოქალაქო არეულობის უფსკრულში.

ჩანს საფრთხე იმისა, რომ ჩვენში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს, მაგრამ ახსოვდეს ყველას, რომ ასეთ ვითარებაში არც ჩვენი საზოგადოება და არც საერთაშორისო პარტნიორები გულხელდაკრეფილი არ ისხდებიან. ისინი ახლაც დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ისევე, როგორც თავის დროზე დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივის ძებნა და არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან კარგად დააფინანსონ ზოგი პარტია. როგორც ვიცი, ამგვარი კონსულტაციები აშშ-ის საელჩოში უკვე მიმდინარეობს”, – განაცხადა თვალჭრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები