თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნილ ქალს სათანადო მკურნალობა არ უტარდება
ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნილი ქალი, ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა დაჟურნალისტმა თამარ მეარაყიშვილმა მოინახულა. მისი ინფორმაციით, მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად, ქალს სათანადო მკურნალობა არ უტარდება და აუცილებელია თბილისში გადაყვანა.
“ახლა მოვინახულე გუშინ ჭაში ჩავარდნილი ქალბატონი. მხარი აქვს მოტეხილი. ფეხი კოჭებთან შეშუპებული. უამრავი სილურჯე ტანზე. მოტეხილობა ჩემდა გასაოცრად არაა დაფიქსირებული თაბაშირით. არც ფეხები, რომელიც სავარაუდოდ, გაბზარული ან ნაღრძობი მაინცაა. წევს პალატაში და უკეთებენ გამაყუჩებელს. უნდა გადასვლა თბილისში,“- განაცხადა თამარა მეარაყიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალგორში მცხოვრები 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. დაშავებულის ახლობლების მოთხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმმა ავადმყოფის თბილისში გადმოყვანის უფლება არ გასცა.