ნიკა რურუას სახელობის ფონდმა ყობში მცხოვრებ ერთადერთ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა
ნიკა რურუას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობში მცხოვრებ ბოსიკოვების ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. ბოსიკოვები საოკუპაციო ზოლთან მყოფი სოფელი ყობის ერთადერთი მცხოვრებლები არიან.
როგორც გენადი ბოსიკოვმა “რეგიონულმა კვირას” განუცხადა, მათ ეს ტექნიკა ძალიან სჭირდებოდათ და მადლობას უხდის ფონდს ქველმოქმედებისთვის.
“ჩვენთვის ძალიან დიდი საჩუქარი იყო, მადლობას ვუხდი ფონდის თითოეულ წევრს. გადმოგვცეს ტელევიზორი, სარეცხის მანქანა, გაზქურა და მაცივარი. ზამთარი რომ მოდის მთლიანად მოვწყდებით სამყაროს, აქ ამოსვლა დიდთოვლობის გამო, შეუძლებელი გახდება, რაც შეეხება საოკუპაციო ზოლს, აქ მშვიდად ვცხოვრობთ. რუსების გადაადგილება ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა”,- განაცხადა გენადი ბოსიკოვმა.
საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლის, ანა ჭარხალაშვილის თქმით, ბოსიკოვების ოჯახი შეირჩა იმ მიზეზით, რომ ისინი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ერთადერთი ოჯახია და მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოცხადება.
“ვიყავით გენადი ბოსიკოვთან, რომელიც სოფელ ყობში საოკუპაციო ხაზთან ახლოს მარტო, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. დღეს ნიკა რურუას საქველმოქმედო ფონდმა “გჯეროდეს საქართველო” ჩავუტანეთ საჩუქრები: ტელევიზორი, გაზქურა და სარეცხის მანქანა. USAID-მა კი მზის პანელები დაუმონტაჟა.
ასეთ ადამიანები ინარჩუნებენ დღეს ჩვენს ტერიტორიებს. ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს არ ტოვებენ და ყველაფერს უძლებენ. მნიშვნელოვანია ჩვენი სოლიდარობა.
ისინი არიან გმირები, რომლებიც საქართველოს აძლიერებენ”,- განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.