„პრობლემები, რომელიც მათ აწუხებს, ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“ – ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
პროექტ “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ჯავახიშვილის, თავდადებულის, ნინოშვილის, ახალი რაიონის (მალთაყვის) ქუჩებზე შეხვდა.
„დაინტერესება არის მოსახლეობის მხრიდან და ეს ბუნებრივია, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირება ხდება. შესაბამისად, ვხვდებით მოქალაქეებს, ყველა უბანზე იქნება შეხვედრა. ის ლოკალური პრობლემები, რომელიც აწუხებს მათ გათვალისწინებული იქნება ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად“ – უთხრა „რეგიონულ კვირას“ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის, შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები.
ადგილობრივებმა, ასევე მოითხოვეს შიდა ეზოებისა და მინი სტადიონების რეაბილიტაცია. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არსებული პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.