ბათუმში პარტია “ერთიანი საქართველო” აჭარის რეგიონის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრებს ირჩევს
ბათუმში პარტია “ერთიანი საქართველოს” რეგიონული კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. 150 დელეგატი “ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობისთვის“ აჭარის რეგიონში თავმჯდომარეს აირჩევს. ამ პოსტზე კვლავ გიორგი ცინცქილაძის კანდიდატურაა წარდგენილი. რეგიონში ასევე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ.
პარტიის ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. მისი თქმით, აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთანაც იგეგმება. ასევე მან რეგიონული ორგანიზაციების მუშაობა შეაფასა. ბურჯანაძე მათი მუშაობით კმაყოფილია, თუმცა გუნდი მუშაობის ახალ მოდელზე გადავა, რათა პარტიამ მომდევნო არჩევნებში ბევრად უკეთესი შედეგი მიიღოს.
“აჭარის მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო. წლების განმავლობაში რეგიონში ყველაზე დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ ის, რომ მათი პრობლემების შესახებ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით და რაც მთავარია, მათი პრობლემების მოგვარება ჩვენ ყველაზე კარგად შეგვიძლია. მე მინდა, აჭარის მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ 2016 წელს ჩვენ მათი ხმები ვერ დავიცავით, ვერც კი წარმოგვედგინა ხელისუფლება თუ ასე გააყალბებდა არჩევნებს. მაგრამ ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხმები არ დაიკარგოს“, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.