“დახურული კლუბი კაცებისთვის” – ტელეკომპანია “ფარვანას” ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
ნინოწმინდის ტელეკომპანია “ფარვანას” ვებ-გვერდზე კიბერშეტევა კვლავ განხორციელდა. შემთხვევა დღეს მოხდა. პირველად, parvana.ge ჰაკერების სამიზნე 28 ოქტომბერს გახდა.
ტელეკომპანიის გვერდზე შესვლისას, მომხმარებლის ეროტიკულ საიტზე გადამისამართება ხდება.
,,მეორედ დაგვიჰაკეს ჩვენი ვებ-გვერდი. ამ წუთებში, ვცდილობთ ვითარების გამოსწორებას, რომ მუშაობის გაგრძელება შევძლოთ”,- ამბობს “ფარვანას” ხელმძღვანელი, კონსტანტინე ვარდანიანი.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს კიბერშეტევა საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის საიტზე, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განხორციელდა.
გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერების სამიზნე სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებიც აღმოჩნდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანდა.
ამავე დღეს, ახალციხეში კიბერშეტევა არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის”, “სამხრეთის კარიბჭის”, ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტო jnews.ge, სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრისა და “parvana.ge”-ს ვებ-გვერდებზეც განხორციელდა.