მეუფე გრიგოლი: მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც აქ მოღვაწეობდა – ძალიან ბევრია გაკეთებული
მეორედ მოსვლამდე საოცარია, რომ სამოთხიდან ჩანს ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთიდან სამოთხე. როდესაც ჩვენ იქ მოვხვდებით, ღმერთმა არ ქნას ვეურჩოთ იქ წმინდანებს, – ასე დაიწყო საკვირაო ქადაგება ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა. მან მადლობა გადაუხადა, მამა პეტრე ცაავას და ეკლესიაში მსახურ სასულიერო პირებს.
„მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მოღვაწეობდა ამ ეპარქიაში. მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც აქ მოღვაწეობდა. რა თქმა უნდა, ბევრია გაკეთებული. წმინდა მამები ამბობენ: შეიძლება ავაშენოთ ბევრი ეკლესია, დავეხმაროთ ხალხს, მაგრამ უფალმა არ დაგვაჯილდოვოს. რატომ? იმიტომ, რომ უფალი აჯილდოვებს არა შრომას, არამედ თუ შრომიდან დაიბადა თავმდაბლობა, დაიბადა მოწყალება, სიმშვიდე და სიყვარული. ინებოს ღმერთმა ეს შრომა იქნეს საფუძველი, დაიბადოს თავმდამბლობა ჩვენში, მორჩილება მსახურება“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას.
მიტროპოლიტის შეფასებით, ის რაც დღეს ეკლესიაში ხდება დიდი სტრესია.
„სტრესი ეკლესიურად არის განსაცდელი. დიდი განსაცდელი და გამოცდა. ვინც არის მზად გამოცდისთვის იმას უხარია, რომ ჩააბარებს გამოცდას კარგად. გავა დრო და მას ახსოვს ეს გამოცდა და განცდა, უფალი ახლოს იყო, წმინდანები ახლოს არიან. მე ვფიქრობ, რომ გავა დრო და ჩვენ გავიხსენებთ ამ მოვლენებს, ეს სტრესი, ნერვიულობა, მწუხარება შეიცვლება სიმშვიდით, ნუგეშით და სიხარულით“,- თქვა მიტროპოლიტმა.
ქადაგების დასასრულს,მეუფე გრიგოლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, ეპარქიაში მშვიდად გაგრძელდეს საეკლესიო ცხოვრება.
„წმინდა სინოდის სხდომის მერე ეგრევე წამოვედით, სამი დღეა აქ ვარ. ვეცნობით ეპარქიას, სიტუაციას და ვცდილობ, არ დაზიანდეს აქ სიტუაცია. ძალიან ბევრი არის გაკეთებული ამ ეპარქიაში, ძალიან ბევრი კეთდება და გაკეთდება. საპატრიარქოდან არის ჩამოსული კომისია, არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედიას თავმჯდომარეობით და გადაიბარებს. ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობ მშვიდად, წყნარად, ლოცვა-კურთხევით გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გაგრძელდეს ცხოვრება ამ უდიდეს ეპარქიაში“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მიტროპოლიტმა ქადაგების დასასრულს მადლობა გადაუხადა, ტაძარში დამსწრე მრევლს და სასულიერო პირებს.
მეუფე გრიგოლმა, საკვირაო წირვა მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პირველად აღავლინა.