მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას თანასოფლელები ითხოვენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას თანასოფლელები ითხოვენ. ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და ძალოვან უწყებებს მიმართავენ, რომ დაკავებული 56 წლის პაატა მაჭარაშვილი გაათავისუფლონ.

ქვემო ბოდბის მოსახლეობა ამბობს, რომ მაჭარაშვილმა დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა და საზოგადოებისთვის საშიშორებას არ წარმოადგენს. ამიტომ გათავისუფლების სანავცლოდ თანასოფლელები მას თავდებში უდგებიან.

„ჩემი მეუღლე ინანიებს და ხვდება, რაც გააკეთა, აფექტის მდგომარეობაში იყო, ოჯახი სარჩენი მყავს და მის მეტი არავინ გამაჩნია, მეზობლები ხელმოწერებს უგროვებენ და თავდებში უდგებიან“, – განაცხადა ბრალდებულის მეუღლემ, მაია ნადირაშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა 56 წლის კაცმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილი, მხრის არეში ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა. მომხდარის მიზეზად, ყოფით ნიადაგზე მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სახელდება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და მძიმე დაზიანებების ბრალდებით, 1 პირი – 1963 წელს დაბადებული პაატა მაჭარაშვილი გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები