გორი და მისი შემოგარენი დაისეტყვა – დაზიანდა ხეხილის ბაღები
გორის მუნიციპალიტეტი და მისი შემოგარენი დაისეტყვა. სტიქია დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. როგორც ადგილიდან “რეგიონული კვირის” ჟურნალისტი იუწყება, მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ერთი საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
“ეს წუთია ქვეშშიდან დამირეკეს და მითხრეს რომ დაუსეტყვია იქაურობაც. მოსავალს ზარალი მიადგა თუ არა ამას დილამდე ვერ გავიგებთ”, – განაცხადა ახალუბნის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ტარიელ ვათიაშვილმა.
ადგილობრივების განცხადებით, სტიქიამ მათი საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები დააზიანა.
“სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა, ვფიქრობ, არ იყო ის ოდენობა, რომ მოსავალი გაენადგურებინა, მაგრამ ზარალი, რა თქმა უნდა, იქნება. ამ წუთებში გარეთ გასცლასაც ვერ ვახერხებთ, ისეთი წვიმა და თქეშია. იმედია, ჩვენი მთელი წლის შრომა წყალში არ ჩაგვეყრება”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” სოფელ ქიწნისში მცხოვრები თამარ ლომსაძე.
გორის მერის კოტე თავზარაშვილი “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, თითქმის ყველა სოფელი დაისეტყვა.
“ამ დროისთვის საერთო ფონი ასეთია, თითქის ყველა სოფელი დაისეტყვა, თუმცა, კონკრეტულად რომელიმე სოფელში ზარალის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებით თქმა გაგვიჭირდება. ვესაუბრე თითქმის ყველა ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულს და მათი თქმით, სეტყვა ხანმოკლე იყო და შესაბამისად ველოდებით მინიმალურ ზარალს”, – თქვა კოტე თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, გორში ამ დრომდე ძლიერად წვიმს.