არჩილ ჯაფარიძე: მივალთ ყველა მოსახლესთან და პირადად გავეცნობით თითოეული ადგილობრივის პრობლემას
ადგილობრივი და ცენტარული ხელისუფლების წარმომადგენლები „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად სოფლების – ზოგიშის, ორხვის, ქორენიშისა და ტვიშის მცხოვრებლებსშეხვდნენ. ღია შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარლამენტის დეპუტატები ამ სოფლებში მცხოვრებელთა პრობლემებსა და აუცილებლად მოსაგვარებელ საჭიროებებს გაეცნენ და მათი გადაჭრის ეფექტურ გზებზე შეთანხმდნენ. გამოიკვეთა, რომ ოთხივე სოფელში პრობლემები თითქმის იდენტურია – გზა, წყალი, ამბულატორია, სოფლის კლუბები.
„ასეთი შეხვედრები სასიცოცხლო და მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის,რადგან ჩვენ რომ იტყვიან ხშირად ბედის ანაბარა ვართ მიტოვებულები,სოფელ ზოგიშისთვის აუცილებელია წყლის, გზისა და სოფლის კლუბის არსებობა. კონკრეტულად ჩვენს უბანს არ აქვს გზა და წყალი. იმედი ყოველთვის მაქვს და იმედია, დანაპირებად არ დარჩება დღევანდელი პირობა. წინა წლებში ბევრი რაღაცაც გაკეთდა, მაგრამ წყალს და გზას ვითხოვთ“, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ზოგიშელი გულნაზი გაბიცინაშვილი.
სოფელ ტვიშის მცხოვრები, ახალგაზრდა მეღვინე მირანდა ჩხეტიანი კი აღნიშნავს, რომ რაც მეტი იქნება ასეთი შეხვედრები გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მოსახლეობისთვის უკეთესია, მართალია ბევრი რამ გაკეთდა,მაგრამ გასაკეთებელი საქმე ბევრია და მოლოდინიც არსებობს, რომ გაკეთდება-„ ტვიშის მოსახლეობას ძალიან აწუხებს გზის პრობლემა,უწლობა, ძირითადი პრობლემები ესაა, მცირე პრობლემებს ყველა ერთად ადვილად გავუმკლავდებით“, – თქვა მირანდა ჩხეტიანმა.
მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა პრბლემურ საკითხს გაეცნო და აღნიშნა, რომ ადგილობრივების მიერ წამოჭრილი საკითხები მაქსიმალურად მცირე დროში მოგვარდება.
„მოსახლეობას კიდევ ერთხელ გავაცანით რა გეგმები გვაქვს, რა პრობლემების გადაჭრას ვაპირებთ,რა სიახლეებია ჯანდაცვის, განათლების,პენსიების ზრდის კუთხით, მივაწოდეთ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების მიერ დაგეგმილი განსახორციელებელი პროექტების ნუსხა, პოზიტიური განწყობაა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს, მივალთ ყველა მოსახლესთან და პირადად მათგან მოვისმენთ იმ აუცილებელ საჭიროებებს, რაც დგას სოფლის წინაშე“, – განაცხადა მხარის გუბერნატორმა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს, მხარის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი – გოჩა ენუქიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ – კარლო კოპალიანიც ესწრებოდნენ.