23 წლის მასწავლებელი, რომელიც ერთადერთი პირველკლასელისთვის ყოველდღე 9 კილომეტრს გადის
23 წლის თამთა შარაძე დაწყებითი კლასის ის ერთადერთი მასწავლებელია, რომელმაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სოფელ ნამონასტრევში საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო. აღნიშნულ სოფელში სასწავლო პროცესი 11 წლიანი პაუზის შემდეგ, წელს განახლდა. ახალგაზრდა მასწავლებელი თავისი სოფლიდან ყოველდღიურად, ერთადერთი პირველკლასელისთვის 9 კილომეტრს გადაადგილდება.
საკუთარ ამბავს თამთა “რეგიონულ კვირას” უყვება.
“დავამთავრე სოფელ მერისის საჯარო სკოლა, თავიდანვე მინდოდა მასწავლებლობა, ჩემივე სკოლაში გაკვეთილების შემდეგ ვრჩებოდი და პატარების მეცადინეობაში პედაგოგებს ვეხმარებოდი. პროცესი ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. არასოდეს მიფიქრია ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ რომელიმე სკოლაში მემუშავა. იმისათვის, რომ მაღალმთიან აჭარაში სოფლები არ დაიცალოს ხელშეწყობაა საჭირო. პირველ რიგში, სპეციალისტების დეფიციტი არ უნდა იყოს. ნამონასტრევში არსებული სკოლა წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, რაც ჩემთვის გულსატკენი იყო. ახლა კი შესაძლებლობა მომეცა მოსწავლეებს განათლება მივცე“- ამბობს თამთა შარაძე.
ნიკუშა თურმანიძე 11 წლის შემდეგ პირველია, ვინც სკოლის კარები შეაღო, თამთა ფიქრობს რომ დასაწყისისთვის – ეს საკმარისია. ახალგაზრდა მასწავლებელი არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს სოფელში გაცილებით მეტი პირველკლასელი მიიღებს შესაბამის განათლებას.
“ჯერ-ჯერობით სკოლაში ერთი პირველკლასელი გვყავს, თუმცა მზად ვარ ყოველდღიურად ნებისმიერ კლიმატურ პირობებში მოვიდე და შესაბამისი განათლება მივცე. მჯერა, რომ მომავალ წელს გაცილებით მეტი მოსწავლე გვეყოლება“,- აღნიშნავს თამთა.
თამთა შარაძე კონკურსის წესით შერჩეული პედაგოგია. ახალგაზრდა მასწავლებელი ბარიერებს არ უშინდება. “რეგიონულ კვირასთნ” საუბრისას ამბობს, რომ არჩევანის წინაშე კიდევ ერთხელ რომ იყოს, ისევ ნამონასტრევის საჯარო სკოლაში მოღვაწეობას აირჩევდა.
“არ მაქვს სურვილი სხვაგან ვასწავლო, სადაც მინდოდა იქ ვარ, რის გაკეთებაც ყოველთვის მსიამოვნებდა იმას ვსაქმიანობ. მე და ჩემი ერთადერთი პირველკლასელი ერთდროულად ვუწყობთ ფეხს ახალ გამოწვევას. მჯერა ყველაფერი გამოგვივა. ვფიქრობ, რომ პედაგოგს პროფესიონალიზმის გარდა თავისი საქმის სიყვარული უნდა ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში ყველანაირ ბრძოლას აზრი ეკარგება. ჩემი ბრძოლა კი ეს არის – მეტი განათლებული ახალგაზრდა ნამონასტრევში”,- დასძინა თამთა შარაძემ.