“ღვინობისთვე 2019“-ის ფარგლებში, თელავმა ღვინის ფესტივალს “თელავინო 2019“ უმასპინძლა (ფოტოები)
ქართული ღვინის დღეების “ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, თელავმა ღვინის ფესტივალს “თელავინო 2019“ უმასპინძლა.
ღონისძიება ერეკლე მეორის ისტორიული სასახლის ტერიტორიაზე გაიმართა.
ფესტივალზე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა გახსნა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ “თელავინოს“ მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტ მონაწილესა და სტუმარს იზიდავს.
“ტრადიციულად, რთველის მიწურულს, რეგიონში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი არაერთი მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის “თელავინო“ იმართება. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წელს არსებული გამოწვევებისა, 2019 წლის რთველი წარმატებულია. ინდუსტრიულად უკვე გადამუშავებულია 230 000 ტონაზე მეტი ყურძენი, რაც თითქმის უტოლდება შარშანდელ, რეკორდულ მაჩვენებელს. კახეთში რთველი ჯერ კიდევ გრძელდება და გადამუშავებული ყურძნის საბოლოო მაჩვენებლები, შესაძლოა ბევრად შთამბეჭდავი იყოს“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.
ფესტივალის სტუმრებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთის მეღვინეთა გილდიის დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ღვინო, ჭაჭა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელი, სტუმრები ასევე დაესწრნენ იმპროვიზირებულ წარმოდგენებსა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იყო რთველის ტრადიციებთან, ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებული ექსპოზიციები. ფესტივალი “თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიის მიერ 2014 წელს დაფუძნდა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ გაიმართა.
ფესტივალის მხარდამჭერი იყო თელავის მერიაც.
“ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს ღვინის ზეიმმა კვირეულის სახე მიიღო.
2018 წლიდან კი, ქართული ღვინის დღეები სახელწოდებით – “ღვინობისთვე“ უფრო მასშტაბურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშება.
ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
“ღვინობისთვე 2019“-ის ფარგლებში ღვინის ფესტივალები ასევე თბილისში, მარნეულსა და გურჯაანში გაიმართება.