“მანამ არ წავალ სკოლიდან, სანამ სტადიონს არ მოვუწყობ ბავშვებს ” – რაზე ოცნებობს 79 წლის სპორტის მასწავლებელი
ზუგდიდში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყველა სკოლიდან თითო გამორჩეული პედაგოგი სიგელით დააჯილდოვეს და საჩუქრად 200 ლარი გადასცეს. მათ შორის იყო, ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე, ქართველების მიერ კონტროლირებადი, სოფელ შამგონას საჯარო სკოლის, სპორტის 79 წლის მასწავლებელი კაკო ღურწკაია.
79 წლის პედაგოგი სერტიფიცირებული მასწავლებელია, უკვე 49 წელია სკოლას ემსახურება.
“სიმართლე გითხრათ, სკოლა ჩემი მეორე ოჯახია. ადრე, მახსოვს იყო პერიოდი ჩემთვის საკმარისი არ მქონდა და ბავშვებისთვის დამიხარჯავს ბოლო კაპიკები. მასწავლებელს ყოველთვის იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ ბავშვები უსაფრთხოდ ყავდეს. ახალ თაობას, რომელიც ჩემს პროფესიას მიჰყვება და ასწავლიან სპორტს, ერთს ვეტყოდი, უერთგულეთ ბავშვებს და გიერთგულებენ ისინიც“, – ამბობს 79 წლის პედაგოგი.
როგორც თავად ამბობს, მოსწავლეები სკოლაში ხან “ბაბუას” ეძახიან და ეს ძალიან უხარია. თუმცა აწუხებს, რომ ბავშვებს შენობის დახურულ დარბაზში უწევთ ვარჯიში. 79 წლის პედაგოგს, წინ დიდი გეგმები აქვს, რომელსაც “რეგიონულ კვირას” უყვება.
სოფო კაკაჩია