ბაღდათში საერთაშორისო ღვინის არტ ფესტივალი იმართება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, ვ.მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე, წელს პირველად ღვინის საერთაშორისო არტ ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის როგორც ახალი ტურისტული ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო იმერული კუთხე, ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ასევე ადგილობრივი წარმოების ნატურალური თაფლი. ნუმიზმატიკური ნივთების, ყვავილების, ფერწერული ტილოებისა და სამოსის გამოფენა.
როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოქსაძემ “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, სამომავლოდ ადგილობრივი ხელისუფლება ფესტივალის მასშტაბების გაზრდას გეგმავს.
“წელს პირველად ბაღდათში ღვინის საერთაშორისო არტ ფესტივალი იმართება. მსგავსი ფესტივალი ჩატარდა შარშანაც. თუმცა წელს პირველი მცდელობაა, რომ საერთაშორისო ფესტივალი ჩავატაროთ. უკვე ჩამოვიდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. მომავალშიც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ფესტივალის ხანგრძლივობაც. წელს მხოლოდ ერთი დღით შემოვიფარგლეთ, მომავალ წელს ალბათ, ორი-სამი დღე გაგრძელდება.
აღნიშნული ფესტივალი მომავალშიც დაკავშირებული იქნება ადგილობრივი მეღვინეობისა და ტურიზმის ხელშეწყობაზე. ასეთი ფესტივალების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ქვეყნის იმიჯის და საერთაშორისო ასპარეზზე გაცნობის თვალსაზრისით, ასევე იმ ხალხისათვის იქნება საინტერესო ვინც ჩამოდის საქართველოში”,- განაცხადა არჩილ გოქსაძემ.
ბაღდათის საერთაშორისო არტ ფესტივალის ორგანიზებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 5000 ლარი დაიხარჯა.
ფესტივალი საღამოს ცხრა საათზე, კონცერტით დასრულდება.