“გორის დღე 2019” 12 ოქტომბერს გაიმართება

12 ოქტომბერს გორში ძველი გორი თავისი ტრადიციებითა   და კულტურით გაცოცხლდება.
12  საათზე გორის  დღისადმი  მიძღვნილი  დღესასწაული კირიონ  II – ის ქუჩიდან  დაიწყება და  გორის ციხემდე გაგრძელდება.
​როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქი ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით იქნება დატვირთული.
,,დილიდანვე  გოგებაშვილის ქუჩაზე ბავშვებისთვის  სხვადასხვა  სახის  უამრავი ატრაქციონი იმუშავებს.
გორის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულების  მიერ მოწყობილ  გამოფენა –  გაყიდვაზე თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ სოფლის მეურნეობის  პროდუქტები (სხვადასხვა  სახეობის ხილი,  ყველი,  ფრინველის ხორცი, ცოცხალი  თევზი  და სხვა), და ადგილზე დააგემოვნოთ იქვე  გამოხდილი ჭაჭა,   ქვევრის ღვინო, საწნახელში  დაწურული მაჭარი,  სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპურები და ხაბიძგინები, ამოავლოთ ჩურჩხელები. სტუმრებს შეგიძლიათ  მონაწილეობა  მიიღოთ  ბებოს მიერ  წინდების ქსოვის მასტერკლასში და  კერამიკოსებთან ერთად  გამოძერწოთ  თქვენთვის სასურველი ჭურჭელი.
დღის განმავლობაში,  გაიმართება კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები.   მათ შორის:   გორის    საკათედრო  ტაძრის  წინ  გაცოცხლდება  წინა  საუკუნეების ტრადიცია და ჩატარდება  შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში,   მკლავჭიდში,  ხალხურ თამაშში  ,,ლახტი“.
მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელნაკეთი ნივთებისა და   ყველა თაობის მხატვართა  ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება გორის რესურსცენტრის, სკოლებისა და გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  მიღწევების  ამსახველი  გამოფენები. რესტორნები წარმოადგენენ ძველი,  ხალხური  რეცეპტებით  მომზადებულ კერძებს. გორის ციხეზე  გამოიფინება სამხედრო ტექნიკა.  წერეთლის ქუჩაზე  დღის 12 საათიდან გაიმართება კონცერტი.
“გორის დღე 2019” – ზე  მოწვეულები არიან  და  საინტერესო  კუთხეებს  წარმოადგენენ:  კასპის, ქარელის, ხაშურის,   ქურთის,  ერედვისა და თიღვის  მუნიციპალიტეტები.
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  17:00 საათზე დაიწყება კონცერტი გორის ქალთა კამერული გუნდის,  ს. ცინცაძის სახელობის გორის  მუსიკალური  კოლეჯის  გოგონათა გუნდისა და ანსამბლ „გორის“ მონაწილეობით.  გაიმართება ,,საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.
19:00  საათზე, ახლადრიაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, „გორის დღე 2019 “ – ს  დაასრულებს გალა – კონცერტი ესტრადის  ცნობილი  ვარსკვლავების  მონაწილეობით. გველოდება ფოიერვერკი.

გელოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ “გორის დღე 2019”,- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები