დაიხურება თუ არა, ხობში სამონასტრო კომპლექსი – მონასტრის გალავანი სამრეკლოს მოწყდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდებარე სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზისა და სარკინიგზო მაგისტრალთან მდებარეობს – ტაძრის გალავნისა და სამრეკლოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩატარებული ვიზუალურ -საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, სპეციალისტებმა პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა გაკეთებულიყო ზედაპირული და გრუნტის წყლების დრენაჟი, მომხდარიყო ფერდობის გატყიანება. სპეციალისტების ვარაუდით, ყოველივე ეს საძირკველისა და გალავნის კედლების გამაგრებას შეუწყობდა ხელს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 სექტემბრის ვიზუალურ-საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში კი ვკითხულობთ:
„გარე გალავნის კედლის დეფორმაცია გამოწვეულია მისი არამდგრად ქანში დაფუძნებით და ზედაპირული წყლების განტვირთვის მილების კედელთან სიახლოვით, საიდანაც ხდება გადმოღვრილი წყლის ნაკადის ჩაჟონვა კედლის ფუნდამენტში, რაც კიდევ უფრო არამდგრადს ხდის ისედაც სუსტ გრუნტებზე დაფუძნებულ ნაგებობას. ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელსაც უნდა შეეჩერებინა ზედაპირული წყლების ჩაჟონვა გრუნტში, არცერთი არ იქნა შესრულებული, რასაც მოჰყვა სიტუაციის გართულება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების დასკვნაში.
ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების სახელობის სამონასტრო კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ გალავანი იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, ტაძრის წინამძღვარი მამა იაკობ სურმავა არ გამორიცხავს, რომ მრევლის უსაფრთხოებისთვის, უკიდურესი ზომის მიღება – ტაძრის დახურვა – გახდეს აუცილებელი.
როგორც ტაძრის წინამძღვარი ამბობს, გალავნის უკიდურესად მორყევის პროცესების დაჩქარება, გასული წლის აგვისტოში ძლიერ წვიმებს უკავშირდება. თუმცა მისივე განმარტებით გალავანი სავარაუდოდ თავიდანვე, სამშენებლო წესების უხეში დარღვევით აშენდა, რადგან ის არამყარ, ნაყარ მიწაზეა აშენებული. ძლიერი წვიმების შედეგად დაგროვილი წყალი სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო მიწას ურეცხავს გალავნის საძირკველს. შედეგად, ტაძრის სამხრეთ გალავანი სამრეკლოს მოწყდა.
იმ შემთხვევაში თუ ტაძრის გალავანი ჩამოინგრევა, შესაძლოა, მან როგორც სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ცენტრალური გზაც გადაკეტოს. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფომირებულია ხობის მერია.
ხობის მერის პირველი მოადგილის, ვარაზ გაბედავას განცხადებით, მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით უძლურია ამ პრობლების წინაშე და შემდგომი რეაგირებისთვის, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს მიმართავს.
რეგიონული განვითრებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, რომ სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, უწყებამ პროექტის დაფინანსების თხოვნით მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართა, თუმცა როგორც გვითხრეს, დონორის მოძიება, ამ ეტაპზე, ვერ მოხერხდა. შესაბამისად, სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომდევნო წლის ბიუჯეტში არ არის გამოყოფილი.
დაიხურება თუ არა სამონასტრო კომპლექსი ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა მანამდე იქ საღვთო წირვა-ლოცვა მაინც აღევლინება.
სოფიო კაკაჩია