ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „ფიროსმანი“ პრემიერა გაიმართა
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში სპექტაკლის „ფიროსმანი“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ოზურგეთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მიერ მომზადდა და მასზე მოწვეულმა რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა იმუშავა.
სპექტაკლის „ფიროსმანი“ ავტორი თავად რეჟისორი გახლავთ. დადგმაში გენიალური ქართველი მხატვრის ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი, დრამატული ეპიზოდებია წარმოდგენილი.
“ძალიან საინტერესო იყო მსახიობებთან მუშაობა, იქედან გამომდინარე, რომ მათთვის პირველი იყო თოჯინასთან შეხება ძალიან კარგად გაართვეს თავი და რაც მნიშნელოვანია, ისიამოვნეს პროცესით. სპექტაკლს რაც შეეხება მაყურებლის აზრი მნიშნელოვანი იქნება.
დიდი მადლობა ტექნიკურ- შემოქმედებით პერსონალს, თანაბარი წვლილი მიუძღვით ამ ყველაფერში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თეატრის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის”, – ამბობს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი.
სპეციალურად ამ დადგმისთვის მსახიობები დამატებით დაეუფლნენ თოჯინის ტარების ტექნიკას და უკეთ გაიცნეს თოჯინების თეატრის სპეციფიკა. სპექტაკლში მსახიობები – გიორგი დოლიძე, გიორგი ჩავლეშვილი, თეა კეჭაყმაძე და მამუკა ბაბილოძე მონაწილეობენ.
„სიახლე იყო მარიონეტებთან, თოჯინებთან მუშაობა. თან თემა არის ძალიან საინტერესო, მისტიკური და მიმზიდველი – ფიროსმანის ცხოვრება. ჩემთვის პირადად იყო გამოწვევა, იყო გარკვეული შიში როგორ გავაცოცხლებდი თოჯინას და მხატვრის ცხოვრებას. ძალიან საინტერესო რეპეტიციები გვქონდა. უკვე მზად არის სპექტაკლი. დანიშნულია პრემიერა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ამოცანას გავართვით თავი. მადლობა რეჟისორ ელენე მაცხონაშვილს, ჩვენ დრამის მსახიობები ვართ და მისი დახმარებით მარიონეტებთან მუშაობა ვისწავლეთ, მადლობა ჩვენი თეატრის ხელმძღვანელობას ამ საინტერესო პროექტისათვის. მჯერა, ჩვენი გუნდის, იმ ოთხი ადამიანის, რომლებიც დაკავებული ვართ და დარწმუნებული ვარ „ფიროსმანი“ წარმატებული იქნება”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” გიორგი დოლიძე.