ნინო ჩხაიძე: პროექტს, რომელსაც შშმ პირებისთვის ვახორციელებთ, მხარდაჭერა სჭირდება
ბათუმში ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხაიძე წლებია შშმ პირების საზოგადოებაში ადაპტირებას და მათი შესაძლებლობების მეტად წარმოჩენას ცდილობს.
ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით კომპლექსური მიდგომა საზოგადოებასაც სჭირდება, რათა მათ უკეთ დაინახონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების შესაძლებლობები.
ის 2012 წლიდან სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე მუშაობს, სადაც უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან ჩართულნი. ახლა კი, იმედი აქვს, თავის ახალ პროექტს, რომელიც შშმ პირებისთვის საინტერესო გამოწვევაა, შესაბამისი ორგანიზაციები და უწყებები არ უგულებელყოფენ.
“პროექტ ,,მედიატორის“ ფარგლებში ანა ჭყონიას პერსონალური გამოფენა გავაკეთეთ, ის თვითნასწავლი მხატვარია. ასევე გვქონდა ადაპტირებული ფილმები, რომელიც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მომზადდა . პროექტისთვის დაიწერა პიესა “დაბადების დღე” ლაშა შეროზიას მიერ. მონო სპექტაკლში მონაწილეობდა სმენის არმქონე პირი. სპექტაკლი დანარჩენი საზოგადოებისთვის თარჯიმნის საშუალებით გახდა გასაგები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პროექტში ბათუმელი მუსიკოსები ჩაერთნენ, მათთვის ეს დიდი გამოწვევაა, რადგან მსმენელთა რიგებში არიან სმენის არმქონე ადამიანებიც. შშმ პირებმა პროექტის მეშვეობით გაიგეს, რომ მუსიკა, კინო და თეატრი მათთვისაც შესაძლებელია იყოს გასაგები. უკვე ჩვენ კი არ ვართ მათი უფლებების დამცველები, არამედ თვითონვე ამბობენ , რომ უნდათ მათთვის ადაპტირებული გარემო, ეს მოთხოვნილება უკვე გაჩნდა და განხორციელდება თუ არა, როგორც კერძო სექტორზე, ასევე სახელმწიფოზეა დამოკიდებული“ -ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ნინო ჩხაიძე.
პროექტის განხორციელება აჭრის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ერთჯერადად მოხდა, უახლოეს პერიოდში კი შესაძლოა სამინისტრომ პროექტი შშმ პირებისთვის მრავალჯერადად განახორციელოს.
“დიდი იმედი მაქვს , მინისტრი დაგვთანხმდება, რომ ეს პროგრამული გახდეს და სისტემურად განხორციელდეს. ჩვენი რესურსით რაც შეგვიძლია ვცდილობთ. სოციალურ საწარმო ,,თავისუფალ სივრცეში“ გამართული ღონისძიება გვინდა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, პირველ რიგში შშმ პირთა ჩართულობის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული შშმ პირებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი იქნება კომპლექსური და ინოვაციური საქართველოს მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში ინკლუზიური მიდგომების პროფესიონალურ დამკვიდრებას. არის თარჯიმნის პრობლემაც, ამით ძნელდება სმენის არმქონეების ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებაში. ფაქტიურად ამხელა რეგიონს ემსახურება ორი თარჯიმანი. სმენის არმქონე კი გაცილებით მეტია. ამით ის პრობლემა იკვეთება რომ ამ ადამიანების სრულფასოვანი ჩართულობა ვერ ხერხდება. საბოლოო ჯამში კი, ამ პროექტის მიდგომები და პრინციპები გახდება მისაბაძი საქართველოს სხვა რეგიონებისთვის“- ამბობს ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ახალგაზრდულ ორგანიზაციას “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” განხორციელებული აქვს არაერთი შემოქმედებით-ინკლუზიური პროექტი, კერძოდ სპექტაკლი „თეთრი ვირთხები“, რომელიც ალტერნატიულ სივრცეში შშმ პირთა მონაწილეობით გაიმართა და სმენის არმქონე პირთათვის ადაპტირებული იყო. პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 10000 ლარს, რომელსაც მხარი ბათუმის მერიამ დაუჭირა. სოციალურ კაფეში 2017 წელს დაიდგა ადაპტირებული და ინკლუზიური სპექტაკლი “ვაკანსია”, აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კვლავ ბათუმის მერია იყო.
“მახსოვს, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, მაშინ საკრებულოს წევრმა დასვა ასეთი შეკითხვა: არის კი ეს პროგრამა სმენის არმქონეებზე ადაპტირებული? – ეს ძალიან დიდი პროგრესია. ადრე თუ ასეთ ადამიანებს უხილავ კონტექსტში განვიხილავდით, დღეს ის პირები, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ მათი მომავლის შეცვლა, ისინიც ამჩნევენ, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის“- ამბობს ნინო ჩხაიძე.
ის გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სმენის არმქონე ბავშვებისთვის არ არის სპეციალური სკოლა, სადაც ისინი ჟესტურ ენასთან ერთდ შესაბამის განათლებას მიიღებენ.
“ქუთაისსა და თბილისში სპეციალური სკოლა არსებობს. იმის გამო რომ აჭარაში მსგავსი დაწესებულება არ არის, მშობლები ბავშვებს ამ ქალაქებში გზავნიან, თუმცა ყველას ამის საშუალება არ აქვს, შესაბამისად მცირეწლოვანი ბავშვები საბაზისო ცოდნის გარეშე რჩებიან. განათლება კი ყველა აქტივობის წინაპირობაა, ასეთი ახალგაზრდები სხვებზე დამოკიდებული ცხოვრებისთვის არიან განწირულები. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ 21-ე საუკუნეში აღარ იყოს ეს პრობლემა“-დასძინა ნინო ჩხაიძემ.