კახეთში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება მძღოლებს პრობლემებს უქმნის
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ორი თვეა დაიწყო.
ველისციხე-მუკუზანის მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოხსნეს, თუმცა სამუშაოები აღარ გაუგრძელებიათ.
მძღოლების თქმით, მიტოვებული სამუშაოები საავარიო სიტუაციას ქმნის. სამუშაოები გაჩერებულია ველისციხე-ყვარელის გზის გარკვეულ მონაკვეთზეც.
„რამდენი ხანია ასფალტის საფარი მოხსნეს და თავი დაანებეს. ძლივს ვერიდები შემხვედრ მანქანებს. საავარიო სიტუაცია იქმნება. მალე უნდა მიხედონ და დაიწყონ სამუშაოები,“-აცხადებს ადგილობრივი, რამაზ ზაკალაშვილი.
“რეგიონულ კვირასთან” საუბრის დროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნეს,რომ ენერგო-პრო ჯორჯიასთან მოლაპარაკებების გამო სამუშაოები შეჩერებულია.
„ კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების ადგილმონაცვლეობის შეთანხმება, რაც იწვევს სამუშაოების შეფერხებას. საკომუნიკაციო ხაზების გადატანის შემდეგ სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. საჭიროა შეთანხმება ენერგო- პრო ჯორჯიასთან,“-აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.