ირმა ინაშვილი ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან მოხსენებით გამოსვლას აპირებს
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, სასტუმრო “ჰილტონში” მივიდა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ინაშვილი აპირებს მოხსენებით გამოვიდეს და დელეგატებს ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნოს.
დეპუტატის თქმით, ის პროტოკოლს არ არღვევს და სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს.
“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჩაატარა საყოველთაო გამოკითხვა, შედეგები არის ძალიან საინტერესო. გამოვკითხეთ ბათუმელების დიდი ნაწილი, 77 000-ზე მეტი მოქალაქე და აქედან დაახლოებით 69 %-ი , 53 130 ბათუმელი, მხარს უჭერს ავსტრია-შვეიცარია-ფინეთი-შვედეთის სამხედრო მიუმხრობლობის მომენტს. 75%-ი მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ცხინვალთან, სოხუმთან, მოსკოვთან. ქვეყანაში განწყობები შეიცვალა, სამწუხაროდ ამის აღიარება არავის არ უნდა. ჯერ კიდევ საუბრობენ 2008 წლის პლებისციტის მონაცემებით, თუმცა ჩვენი მოსახლეობის 77% უჭერდა მხარს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ დღეს განწყობები შეცვლილია. ამაზე მიუთითებს გამოკითხვა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. ამ მონაცემებს დღეს ნატოს წარმომადგენლებს გავაცნობთ”- განაცხადა ინაშვილმა.