სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი შენობა გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი შენობა გახსნეს.
გახსნის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა და სექტორის ახალი შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ის ძველი შენობაც დაათვალიერეს, სადაც მესაზღვრეებს ამ დრომდე უწევდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.
სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2450 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-თურქეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება.
შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.მშენებლობის პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.