სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული დღეები იწყება
რეგიონში ახალგაზრდობის განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობის მიზნით 4 ოქტომბერს, ახალციხეში “სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი“ ეწყობა.
ფორუმს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision საქართველოსთან “ერთად გამართავს.
ღონისძიებას დაესწრებიან რეგიონის გუბერნატორის ოფისისა და ექვსივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები. პრემიერ-მინისტრთან არსებული ახალგაზრდული სააგენტოსა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა. ასევე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები.
რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმის მიზნებია: 1. ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია რეგიონის დონეზე; 2. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა; 3. ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით; 4. სექტორთშორისი დიალოგის მხარდაჭერა.
“World Vision საქართველო” აღნიშნულ ინიციატივაში ჩართულია ევროკავშირის პროექტის „კომპეტენციები დასაქმებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია EU4YOUTH პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდას დასაქმებასა და განათლებაზე.