რეალური საფრთხე თუ ბავშვური ხუმრობა – რა შინაარსის ანონიმური შეტყობინებები მიიღეს ქუთაისის სკოლის მოსწავლეებმა
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მუქარის შემცველი შეტყობინებები ანონიმურად, სოციალურ ქსელში მიიღეს. მომხმარებელი, რომელსაც სახელად facebook user, აქვს ერთ-ერთ მეშვიდეკლასელ მოსწავლეს შემდეგი სახის შეტყობინებას წერს:
“მოგესალმები მართა. მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა. მე ვიცი, რომ შენ სწავლობ 3 საჯარო სკოლაში. მე ვიცი, რომ შენი საუკეთესო მეგობარი არის ლიზი კვერნაძე და მანდატურის შვილი ხარ. მე ყოველთვის გითვალთვალებ, მაშინაც კი როდესაც სკოლა მორჩება და მანდატურის კაბინეტში ხარ. მე ყოველთვის გიყურებ”
“კვირამ” საქმის დეტალები ადგილზე გაარკვია. როგორც აღმოჩნდა, სკოლაში აღნიშნულ ფაქტს დიდ საფრთხედ არ აფასებენ, მეტიც ზოგიერთი მშობლის აზრით, შეტყობინებები ადრესატების თანატოლმა ხუმრობის მიზნით, დაგზავნა.
ერთ-ერთი მშობელი ფერიდე ჯინჯიხაძე “კვირასთან” აღნიშნავს, რომ მან შეტყობინებების შესახებ კრებაზე, სკოლის დირექტორისგან გაიგო და საგანგაშო ამ ამბავში არაფერია.
“ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ საგანგაშო არაფერია, აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიდის სასკოლო პროცესი. გამორჩეული პედაგოგები ჰყავს ამ სკოლას, შესანიშნავი დირექტორი. ბავშვს ამბადაც არ მოუტანია ეგ ინფორმაცია. დეტალები არ ვიცი, უბრალოდ კრებიდან გავიგე დირექტორისგან, რომ ეს არის ცრუ განგაში. არაფერია ისეთი რამე რომ შეეშინდეთ ბავშვებს”,- ამბობს ფერიდე ჯინჯიხაძე.
თუმცა როგორც სკოლის მოსწავლეები ჰყვებიან, ამბის გავრცელების შემდეგ, მოსწავლეებს მობილური ტელეფონები შეუმოწმეს. მათი მშობლები კი კრებაზე დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ შვილები გააკონტროლონ, რათა მათ არ უპასუხონ მსგავს შეტყობინებებს.
“კვირა” ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის დირექტორს, თამაზ ჭაბუკიანსაც გაესაუბრა. დირექტორი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ საქმეს შესაბამისი უწყება – პოლიცია იძიებს.
“ამ საკითხს იძიებს პოლიცია, ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, შემიძლია ვთქვა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგაშო და საპანიკო არაფერია, სკოლა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, – განაცხადა თამაზ ჭაბუკიანმა.
ვინ არის ანონიმური, მუქარის შემცველი შეტყობინებების, ავტორი და რა მიზნით გაუგზავნა ისინი მეშვიდეკლასის მოსწავლეებს გამოძიება დაადგენს. შს სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.