ავტოსადგომად გადაქცეული საფეხმავლო ბილიკები და ქვეითებისთვის შექმნილი საფრთხე

ბათუმის ქუჩებზე არსებული თითქმის ყველა საფეხმავლო ბილიკი ავტოსადგომადაა გადაქცეული და ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში, უცვლელი რჩება. განსაკუთრებული პრობლემა ფეხით მოსიარულეებს ექმნებათ, რადგან ქვეითებს მათთვის განკუთვნილი ბილიკიდან ჩამოსვლა და ცენტრალური გზით გადაადგილება უწევთ, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

ბათუმელი ნატალი მელაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ქუჩაში გადაადგილება ხშირად უწევს. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს, თუმცა საფეხმავლო ბილიკზე გაჩერებული ავტომობილები გზას უხერგავს და საბავშვო ეტლით გადაადგილება შეუძლებელი ხდება.

“ყოველ დილით და საღამოს ჩემს პატარას გასეირნება ესაჭიროება, გარდა ამისა, უფროსი შვილი აქვე, უბანში საჩოგბურთო კლუბში დამყავს და თითქმის შეუძლებელია ბილიკზე გადაადგილება. ზოგჯერ იმდენი ავტომობილია ერთად დაყენებული გვერდსაც ვერ აუვლი. მიწევს ეტლის სახლში დატოვება, ან ცენტრალური გზით გადაადგილება, თუმცა ძალიან მეშინია, ბევრი ავტომობილი მოძრაობს და თან დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან. მახსოვს, როცა უფროსი ვაჟი პატარა მყავდა, იგივე პრობლემა მექმნებოდა, ახლაც ასეა, გამოდის ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა”,- აღნიშნა ნატალი მელაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ პრობლემას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც აწყდებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” თავმჯდომარე, თომა კაკაბაძე ეტლით მოსარგებლეა და მისი თქმით, საფეხმავლო ბილიკზე გადასვლამდე შშმ პირებისთვის ადაპტირებული ბორდიულიც ავტომობილით არის გადაკეტილი, პრობლემას ქალაქში პარკირების არარსებობაშია პირველ რიგში, ეს უნდა მოგვარდეს.

ავტომობილებით ჩახერგილი ბილიკები ბათუმისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, ამას ყოველდღიურად ვაწყდებით. არათუ დანიშნულების ადგილას, არამედ კაფე-ბარიდან ან სხვა დაწესებულებიდან სახლში დაბრუნებისას ბევრი ბარიერი გვხვდება . ეს ქალაქის მნიშვნელოვანი პრობლემაა და შესაბამისი უწყებებისგან მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს“,- ამბობს თომა კაკაბაძე.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევებს ადგილი მაისის თვეში გაცილებით მეტი ჰქონდა, ვიდრე შემდეგ თვეებში. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით მაისში 124, აგვისტოში 55, სექტემბრის თვეში ასევე 55 შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა.

“კანონდამრღვევი მძღოლები მხოლოდ 10 ლარით ჯარიმდებიან. თუ პირი ერთი თვის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ამ შემთხვევაში მძღოლს საურავის 160 ერიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიისა და საპატრულო პოლიციის სამსახურის მხრიდან გაჩერების წესების დარღვევის გამო მძღოლების ქმედება დაჯარიმებას ექვემდებარება პრობლემა მაინც ვერ გვარდება”,- განაცხადეს  პარკირების სამსახურში.


ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები