“ლელოს” კოტეჯის “მოგზაურობა” გრძელდება – გივი რაზმაძე დაპირებულ კოტეჯს დღეს ელოდება
გუგუტიანთკარელი გივი რაზმაძე პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” დაპირებული კოტეჯის გადაცემას დღეს ელოდება. როგორც ლევან რაზმაძემ “კვირას” განუცხადა, ოჯახს მოძრაობის წარმომადგენელი გუშინ დაუკავშირდა და მათი სურვილისამებრ, კოტეჯის გორში, სადაც ამ დროისთვის, რაზმაძეები ცხოვრობენ, ჩატანას დაპირდა. თუმცა აღნიშნულ ფაქტს “ლელოში” უარყოფენ. მოძრაობის პრესსამსახურის განცხადებით, მათი პრინციპული გადაწყვეტილება კოტეჯის გადაცემის შესახებ, არ შეცვლილა.
“გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს კოტეჯს გორში ჩამომიტანდნენ. დრო ზუსტად არ უთქვამთ და ველოდები. მე უარზე არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ მაცალონ ცოტა ხანი, ადგილს ვიპოვი და ჩავდგამ. მე მადლობის მეტი რა მეთქმის”,- განაცხადა ლევან რაზმაძემ.
“ლელოს” პრესსამსახურში “კვირას” ინფორმაცია არ დაუდასტურეს. მოძრაობის პოზიცია მათი თქმით, უცვლელია.
“ვითარება ამ დროისთვის უცვლელია . დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ კოტეჯის შესახებ გადაწყვეტილება არ შეცვლილა”,- განაცხადეს ლელოს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, ხის კოტეჯი, რომელიც გუგუტიანთკარელ რაზმაძეებს მოძრაობა “ლელო” საჩუქრად გადაცემას თვენახევრის წინ დაპირდა, უკვე მესამე დღეა გორის ერთ-ერთი სკოლის ეზოშია დასაწყობებული. რაზმაძეებს სურთ, რომ კოტეჯი გადასცენ და მათ საკუთარი სურვილისამებრ იმ ადგილას დადგან, სადაც შეძლებენ. “ლელოს” კი კოტეჯის დადგმა პრინციპულად, გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელში სურს. სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე დღეა ვერ მოხერხდა შეთანხმება რაზმაძეების ოჯახსა და მოძრაობას შორის.