გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით აქციების ჩატარება იგეგმება

გორში ორგანიზაცია “მეგობრობა და სამართლიანობა” იოსებ სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ასევე საქართველოს მთავრობის სახელზე წერილს შესაბამის  სტრუქტურებს გაუგზავნიან.

როგორც “რეგიონულ კვირას” ორგანიზაციაში განუცხადეს, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 10 ოქტომბრიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციებს დაიწყებენ.

“ძეგლის აღება უკანონოდ მოხდა. ჩვენი არაერთხელ მივმართეთ მთავრობას ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა. კიდევ ერთხელ მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს წერილობითი თხოვნით, რათა სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრში დააბრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში 10 ოქტომბრიდან ჩვენი მოძრაობის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აქციებს გავმართავთ. ასევე ვაპირებთ გამოკითხვის ჩატარებას “ნატო და რუსეთი”, რადგან რუსეთთან დიალოგი ერთადერთი საშუალებაა ჩვენი ტერიტორიების უკან დაბრუნებისა”,- განაცხადეს ორგანიზაციაში.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – დავით რაზმაძე არ მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრში რაიმე სახის ძეგლი უნდა დაიდგას, რადგან ეს იწვევს მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობას.

“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სტალინის ძეგლის დაბრუნების შესახებ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან ძეგლი კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. მე პირადად მართებულად არ მივიჩნევ ქალაქის ცენტრში რაიმე სახის ძეგლის დადგმას, რადგან იცვლება მთავრობა და იცვლება ხედვები, რასაც ხშირ შემთხვევაში დემონტაჟი მოჰყვება და მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება”,-განაცხადა დავით რაზმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები