თუშეთის გზაზე უბედური შემთხვევა მოხდა – არის მსხვერპლი
კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე უბედური შემთხვევა მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა, სადაც უცხოელი ტურისტების შვიდკაციანი ჯგუფი გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტურისტთა ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.