“უსახელოურს“ რომ დავკრეფ, მესტუმრეთ, სტუმართმოყვარე მასპინძელი ვარ ლეჩხუმელებივით” – ფრანგი ბიზნესმენი, რომელმაც ბაბუის წამოწყებული ბიზნესი საქართველოში გააგრძელა

“რეგიონული კვირა“ სოფელ ოფიტარაში მცხოვრებ ფრანგ ბიზნესმენს, ნიკოლა ქიბლერს, ეწვია. ნიკოლა საქართველოში 2006 წელს ჩამოვიდა, მისი მიზანი ბაბუის წამოწყებული ბიზნესის – საკვამურების საწმენდი რკინის ჯაგრისების წარმოება იყო. საქართველოში ჩამოსულმა ბიზნესმენმა შემთხვევით ლეჩხუმელი კაცი გაიცნო, რომელმაც საკუთარ სოფელში, ოფიტარაში, მიიპატიჟა. სოფელში ჩასულ ნიკოლას კი სასურველი გარემო დახვდა და გადაწყვიტა საქართველოშიც წამოეწყო ბიზნესი.

ნიკოლა სტუმრად მისულებს ცოტა გაკვირვებით გვხვდება, ეჭვნარევი ხმით გვეკითხება – “ათი წელიწადია აქ ვარ და ახლა ვინ გამოგგზავნათ, რა გაინტერესებთო?“ – ჩვენ ვუხსნით, რომ „რეგიონული კვირა“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში საინტერესო ადამიანებს ეძებს და მათ საზოგადოებას აცნობს. ნიკოლა, ცოტა დაბნეული, სახლში შეგვიძღვა, თარჯიმანი ელენა, (ნიკოლას თანამშრომელი) რომელიც რუმინელია და ქართულს “გატეხილად” ფლობს, ცდილობს კომუნიკაცია შედგეს…

-რატომ აირჩიეთ თქვენი ბიზნესისთვის საქართველო?

-სამეწარმეო ფირმა, რომელიც საქართველოშიც წამოვიწყე ბაბუას ეკუთვნის და ეს ბიზნესი შვეიცარიაში ძალიან წარმატებულია, ამიტომ გაფართოება გადავწყვიტე და წავედი რუმინეთში, სადაც საქმე კარგად წავიდა, ვიფიქრე სხვა ქვეყანაშიც მეცადა იგივე საქმე. სამი ქვეყნის არჩევანი მქონდა – ვიეტნამი, მადაგასკარი და საქართველო. ამ ქვეყნებზე ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე, რადგან ბიზნესისთვის ხის მასალა მჭირდებოდა, საჭირო იყო ხე ბიზნესის ობიექტთან სადმე ახლოს შემესყიდა, ვიეტნამში ვერ ავეწყობოდი – დიდი კონკურენციაა, მადაგასკარში ელექტროენერგიის გადასახადები საკმაოდ ძვირია, თუმცა მოსახერხებელი იმით იყო, რომ მადაგასკარში ფრანგული სახელმწიფო ენაა. 2006 წელს სტამბულში მომიწია ჩასვლა, შემდეგ ქუთაისში, სადაც ბიზნესისთვის შესაბამისი პირობები დამხვდა და ავირჩიე საქართველო. საწარმო ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, მდებარეობს, სადაც 56 ადამიანია დასაქმებული და საკვამურის საწმენდი რკინის ჯაგრისების სხვადასხვანაირ სახეობებს ამზადებენ. მსგავს ნაწარმს საქართველოში თითქმის არავინ ხმარობს, თუმცა ჯაგრისები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში წარმატებით იყიდება.

-რა მოგწონთ საქართველოში?

-აქ ძალიან სუფთა ჰავაა, თბილი ხალხი, ლაღი ურთიერთობები. საქართველოში აღმოვაჩინე ისეთი მცენარეები, რომლების მსგავსსაც დედამიწაზე სხვაგან ვერ ნახავთ – ხილი, ბოსტნეული, ვაზი. იცით კიდევ რამ გამაკვირვა?! აქ წყალი არასოდეს წყდება, 24-საათიანი შეუწყვეტელი დინებაა.

ქუთაისიდან რომ წამოვედი, 40 გრადუსი სიცხე დავტოვე, ოფიტარაში ასულმა კი აღმოვაჩინე, რომ სოფელში ათი გრადუსით ნაკლები ტემპერატურა – 30 გრადუსია. ჰო და კიდევ, სოფელში ბოსტნეული და ხილი რომ დარგო და მოიყვანო, გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ბაზარზე იყიდო.
ნიკოლას ბიზნესში არის პერიოდები, როცა ქარხანა გაჩერებულია. ის შვეიცარიასა და საქართველოს შორის ხშირად მოგზაურობს. ოფიტარაში ისეთი სახლი და ეზო აქვს, წამოსვლა არ მოგინდებათ, მიწა რომ შეისყიდა, თვითონ ააშენა, არც მარანი დავიწყებია, არც ლეჩხუმური ნალია, ქვევრები, ეზოში ფუტკარი, მსხმოიარე “ალადასტური” და ცნობილი “უსახელოური”, რომელიც უკვე მესამე წელიწადია თვითონ ჩარგო და ნაყოფსაც მალე მიიღებს. მის ეზოში ასევე ნახავთ სხვადასხვა ხილს და ბოსტნეულს. ამ ეზო-კარში თითქმის მთელი სოფელი იკრიბება და კამერის მიღმა გვეუბნება, რომ სოფელმა სუფრა გაუშალა, მიიპატიჟა და მათთან ვალშია. მასპინძელს არ დავიწყებია იმის თქმაც, რომ ქართველებმა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა ვიცით.

ნიკოლა ღვინის დაყენებასა და გაყიდვას არ ფიქრობს და ამბობს, რომ ყურძენს გაყიდის და შემდეგ კლიენტს საშუალება ექნება დააყენოს სასურველი ღვინო. კითხვაზე – რა მსგავსებაა ქართულ და ფრანგულ ღვინოს შორის, დაუფიქრებლად გვპასუხობს, რომ ფრანგულ ღვინოში ბევრი ქიმიური კომპონენტია.

ინტერვიუს დასასრულს ნიკოლა მოგვიბრუნდა და გვკითხა, თუ როგორი შთაბეჭდილებები დაგვრჩა მასზე, კითხვას ფიქრიც არ სჭირდებოდა, ისე ვუპასუხე – “კაცი, რომელმაც იცის, ფული ჭკვიანურად როგორ დახარჯოს- მეთქი”, მასპინძელსაც შეეტყო, რომ პასუხით კმაყოფილი დარჩა.

მეზობელთან ქართული ჯიშის ნიგვზის ჩრდილში ჩამომჯდარი, გულწრფელი ღიმილით და ხელის აწევით დაგვემშვიდობა, „უსახელოურს“ რომ დავკრეფ, მესტუმრეთ, სტუმართმოყვარე მასპინძელი ვარ ლეჩხუმელებივითო.“

ნიკოლა ქიბლერი ჩვენი ინტერვიუდან მეორე დღეს შვეიცარიაში მიფრინავდა, ბოლოს გატეხილი ქართულით გვითხრა “ცოლ-შვილს დავხედავ და მერე ჩვენ მივდივართ ოფიტარაში”, ანუ დავბრუნდებიო…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები