ხელვაჩაურში ახალი ელექტრო გადამცემი ანძების დადგმას აპროტესტებენ
ხელვაჩაურში, სოფელ ნიკიტაურის მცხოვრებლები ახალი ელექტრო გადამცემი ანძების დადგმას აპროტესტებენ
პროექტის მიხედვით, სოფელში, რამდენიმე ოჯახის მიწის ნაკვეთში უნდა შეიცვალოს ძველი მცირე ზომის ანძები და ჩანაცვლდეს ახლით. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლებთან ახლოს გატარებული სადენებს გამოსხივება აქვთ და სახიფათოა.
“ანძები გაცილებით დიდი ზომისაა ვიდრე მანამდე არსებული. ეს ანძები ჩემი ოჯახის წევრებისთვის საფრთხის შემცველია. ამიტომ, მშენებლობას ვეწინააღმდეგებით ან მოვითხოვ გასახლებას, ადრე 3 ხაზი გადიოდა, ახალი 6 სადენი უნდა დაამაგრონ, ჩემს სახლთან 9 იყრის თავს. ამასთან, ჩვენი სახლიდან რამდენიმე მეტრშია ეს ანძები, აშკარად უფრო დიდი სიმძლავრის კეთდება, არადა გვატყუებენ არაფერი იცვლებაო. 20-25 მეტრში, რომ იყოს კიდე არაუშავს”,- აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი, ნუგზარ ფარტენაძე.
როგორც “კვირას” კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, კომპანია ძველი სადენების რეაბილიტაციას ახორციელებს და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულის შედეგად ძაბვა გაიზრდება სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან კომპანიაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
“ენერგო-პრო ჯორჯია” ახორციელებს არსებული 110 კვ ძაბვის ელ.გადამცემი ხაზის – “ერგე 1″-ის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას, რომლის ფარგლებშიც იცვლება ძველი საყრდენები და ხაზები. შესაბამისად არვითარი ძაბვის ცვლილება (მატება) არ ხდება და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ძაბვა იზრდება არის სრული დეზინფორნაცია. ამასთანავე, კომპანიის მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული მოსახლეობისთვის თუ რა სამუშაოები სრულდება და ასევე, მიწოდებული იქნა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომ რეაბილიტაციის შედეგად ხაზს არ ექნებოდა აუარყოფითი ზემოქმედება. ამ დროისთვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა , დარჩენილია შესაცვლელი 2 ამორტიზებული საყრდენი, რომლებიც რამიდენიმე ათწლეული წინ არის დამონტაჟებული. მოსახლეობა საუბარში აცხადებს ფულად კონპენსაციას, რაც არის აბსოლიტურად უსაფუძვლო, ვინაიდან კომპანია, როგორც ავღნიშნეთ, ახდენს არსებული ხაზის რაბილიტაციას და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მიწათმოსარგებლე, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს ქსელის მფლობელს სამუშაოების წარმოებაში. ამასთან დაკავშირებით განვუმარტეთ მოსახლეობას და ავუხსენით, რომ თუ სამუშაოების წარმოების პროცესში დაზიანებული იქნება რაიმე ქონება ეს იქნება შეფასებული და ანაზღაურებული, ხოლო სხვა რაიმე კომპენსაციის მითხოვნის საფუძველი არ არსებობს. უფრო მეტიც, ორივე საყრდენი, რომლებიც უნდა შეიცვალოს მდებარეობს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, კომპანიას გააჩნია სრული ლეგიტიმური უფლება აწარმოოს შესაბამისი სამუშაოები და ხელშეშლის კვლავ გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული იქნება მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, მათ შორი პოლიციას, ვინაიდან აღნიშნული ხაზის რეაბილიტაციაზე დამოკიდებულია მთლიანად ბათუმის ელ.მომარაგება”,- აცხადებენ კომპანიაში.