გორში პროექტის “ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით” დახურვის ცერემონია გაიმართა
გორში პროექტის “ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით” დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
როგორც მერმა “კვირასთან” აღნიშნა, აღნიშნული პროექტის წყალობით, გორის მერიამ წმინდაწყლის დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და საინვესტიციო პროექტების მონახაზები შეიმუშავა.
“პროექტი გორის მუნიციპალიტეტში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის კანონმდებლობის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად.
პროექტის შედეგად – პოლონელის ექსპერტების რეკომენდაციებით, ევროკავშირის დაფინანსებითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გორის მერიამ წმინდაწყლის დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და საინვესტიციო პროექტების მონახაზები შეიმუშავა“ განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა
პროექტი “ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით” გორსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში პოლონეთის ეკონომიკისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.