ხულოს მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელი პირების მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ფუშრუკაულის, ხიხაძირის და თხილვანის მოსახლეობას შეხვდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხელმძღვანელმა პირებმა სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრებზე ფუშრუკაულის მოსახლეობამ ფუშრუკაულის სოფლის ზემოთ გაჩენილი ნაპრალების გეოლოგიური შესწავლა და მიმდინარე წლის ივლისის თვეში სეტყვის შედეგად დაზიანებული სასოფლო სამეურნეო ნათესების კომპენსაციის გაცემა მოითხოვა. ხიხაძირის მოსახლეობამ ხიხანის ციხის მისასვლელთან მოასფალტებული გზის მიყვანა, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება და ხიხაძირის ტრანსფორმატორიდან სკავანისა და ახალშენის სოფლისთვის ახალი ელექტრო ხაზის მშენებლობა დაასახელეს. ხოლო, თხილვანელებმა ზედა თხილვანის სკოლისთვის დიზელის გენერატორის შეძენა, თხილვანის სამედიცინო ამბულატორიის შემოღობვა შემოკავება და ზემო თხილვანის სასმელი წყლის მილების შეცვლა მოითხოვეს. ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას პრობლემების გადაჭრას შეჰპირდნენ.
“ჩვენი შეხვედრების მთავარ მიზანს თქვენი პრობლემების ადგილზე გაცნობა და უმოკლეს დროში მათი გადაწყვეტა წარმოადგენს. ჩვენი მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მთა გავამაგროთ, მოსახლეობას შეუქმნათ ყველა ის პირობა რაც სოფელში ცხოვრებას გაადვილებს” -განაცხადა დავით გაბაიძემ.