“კვირაში” გასული სიუჟეტის შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბებიასთან უდედოდ დარჩენილ 5 ბავშვს საჩუქრები გადასცა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ლუხვანოში 5 ბავშვს, რომლებიც დედამ მიატოვა და ბებია ზრდის, “კვირაში” გასული სიუჟეტის შემდეგ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი და ტკბილეული შეუძინა. საჩუქარი ოჯახს მხარის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი ბიუროს ხელმძღვანელმა, გიორგი მაქარაშვილმა და ცაგერის ბიუროს ხელმძღვანელმა ოთარ თვარაძემ გადასცეს.
“ძალიან დიდი მადლობლები ვართ თქვენი, თქვენ რომ არა, ჩვენს გასაჭირს ვერავინ გაიგებდა , მაჟორიტარმა დეპუტატმა დღეს ძალიან გაგვახარა და ბავშვებს ნანატრი ტელევიზორი უყიდა, დიდი მადლობა ყველას, გავიხარეთ ყველამ”,-ამბობს ბავშვების ბაბუა, ბიჭიკო ლეთოდიანი.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, გიორგი მაქარაშვილმა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მაჟორიტარმა გოჩა ენუქიძემ, შეიტყო რა ამ ოჯახის შესახებ, გადაწყვიტა ეჩუქებინა მათთვის ტელევიზორი და გაეხარებინა ბავშვები. რადგან მათ ძალიან სჭირდებოდათ ეს ნივთი.
“როგორც ვიცი, მერიაც მალე შეასრულებს თავის დანაპირებს და ოჯახს ექნება სარეცხი მანქანაც. მინდა ბავშვებს და მათ ბებია- ბაბუას ვუთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან და ჰყავთ გულშემატკივრები, რომლებიც ცდილობენ გაუხალისონ მათ ცხოვრება“,-განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.