“აბაშობიდან აბაშობამდე” – სამეგრელოში ორდღიანი ტრადიციული ფესტივალი დასრულდა
აბაშის მუნიციპალიტეტში ორდღიანი სახალხო დღესასწაული “აბაშობიდან აბაშობამდე” საზეიმო ვითარებაში დაიხურა. სახალხო დღესასწაულის პირველი დღე სპორტულ და საცხენოსნო შეჯიბრებებს დაეთმო: დოღი,მარულა, ისინდი და ცხენფურთი.
მეორე დღეს კი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიასა და მისი უახლოესი თანამებრძოლის – მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ პარკში, სახალხო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, აბაშის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ საექსპოზიციო კუთხეები იყო მოწყობილი. ღონისძიება ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მსახიობებმა გააფორმეს, ასევე გამოვლინდნენ და დააჯილდოვეს აბაშის საპატიო მოქალაქეები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის – ლევან მაკალათიას განცხადებით, სახალხო დღესასწაული რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად იმართება და მივიწყებული ადათ-წესების აღდგენას ემსახურება. სახალხო დღესასწაულს აბაშაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე – დავით ვერავა, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი – ოთარ დანელია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან მაკალათია, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი – მეუფე პეტრე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გეგა შენგელია, ასევე პარლამენტის წევრები და რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები და სასულიერი პირები ესწრებოდნენ.