ზესტაფონში სოფელ მარტოთუბანში მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

სოფელ მარტოთუბანში, ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა.

მემორიალის გახსნას ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, მისი მოადგილე ელგუჯა კვეტენაძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

„გმირებად არ იბადებიან, გმირებად იზრდებიან. სოფელ მარტოთუბანს ჰყავს გმირი, მდინარი ბებიაშვილის სახით, რომელიც მსოფლიო მშვიდობას შეეწირა. მინდა, მადლობა გადავუხადო მის ოჯახს, სადაც ის აღიზარდა. ეს მემორიალი არის სიმბოლო იმისა, რომ მდინარი ბებიაშვილის სახელი არასდროს მიეცემა დავიწყებას“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, მდინარი ბებიაშვილი 2017 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა, იგი ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, პატრულირებას ახორციელებდა.

უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. მიღებული აქვს მედლები, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები