ნიკა გვარამია: ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ “ტრიგერი” დიქტატურის სრულად ამოქმედებისთვის გახდა ევროპული ინსტიტუცია – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო

“ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ “ტრიგერი”, ანუ გამშვები მექანიზმი დიქტატურის სრულად ამოქმედებისა და ბოთლიდან ამ “ჯინის” გამოშვებისთვის გახდა ევროპული ინსტიტუცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი-2-ის” ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს არის დიქტატურის გაფორმება.
„ეს არის დიქტატურის გაფორმება. ჩვენ არ გვაკმარეს ის, რომ წაგვართვეს ტელევიზია სტრასბურგის სასამართლოს ხელით, სხვათა შორის, კიდევ ფიგურირებს აქ სტრასბურგის სასამართლო – არ დაგვავიწყდეს; ჩვენ ახლა არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ გავაკეთოთ ახალი. ეს არის დიქტატურა. ამას სხვა შეფასება არ ჰქვია. თავი არ მოიტყუოს არავინ არც ამ ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ „ტრიგერი”, ანუ გამშვები მექანიზმი დიქტატურის სრულად ამოქმედებისთვის და ბოთლიდან ამ “ჯინის” ამოშვებისთვის – გახდა ევროპული ინსტიტუცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. ზუსტად იმ გადაწყვეტილების მერე, თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ – რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ. ერთი მეორეზე უარესი – ყველა მიმავალი სრულფასოვანი დიქტატურისკენ. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაჭერა, მომიტინგეების უკანონოდ ციხეებში ჩაყრა, ტელევიზიის დახურვა – მთავარი ტრაგედია, ჩემი აზრით – მთავარი ევროპული პლატფორმის, “რუსთავი 2-ის” და ახლა გაგრძელება უკვე იმ ადამიანებთან ბრძოლის სახით, რომლებსაც შეუძლიათ ალტერნატივების შექმნა, ანუ სიტყვის თავისუფლების საბოლოოდ დახუთვაზეა ლაპარაკი. აი, ეს ყველაფერი დაიწყო ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენც და ამ გადაწყვეტილების ავტორებმაც”, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები