პაატა სალია: ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს, ეს კარგად იციან ჯარჯი აქიმიძემაც და დავით დვალმაც
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ჯარჯი აქიმიძისთვის და დავით დვალისთვის შეთავაზებული 40% ქიბარ ხალვაშის მხრიდან კეთილი ნება იყო, რაც, მისივე განცხადებით, ორივესთვის ცნობილია და იმის თქმა, თუ რატომ არ შესთავაზა უფრო მეტი – არასწორია.
„რაც შეეხება იმას, რა იყო შეთავაზებული 2015 წელს და რა იყო შეთავაზებული ახლა. 2015 წელს განიხილებოდა, საჯაროდ ითქვა, რომ ქიბარ ხალვაში მზად იყო, დაეთმო 50 პროცენტი, თუმცა ამ საუბრებს მიღმა, ასევე, ბევრი საუბარი იყო, ბევრი დისკუსია, რაც, საბოლოოდ, თუნდაც ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე ითქვა ორივე მხარის მიმართ, რომ მოდი, დავანებოთ თავი, რა იყო წარსულში, რადგან რეალურ შეთანხმებამდე ჩვენ ვერ მივედით, ამიტომ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ ნაწილში ურთიერთობა და თქვით, რასაც გვთავაზობთ. ქიბარ ხალვაშმა უთხრა ის, რასაც სთავაზობდა – მან შესთავაზა 40%. 40% არის საკმაოდ დიდი წილი კომპანიაში. კონტროლის ბევრი მექანიზმი არსებობს და 40 %-ის მფლობელს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა საუბარი იყო და, საბოლოოდ, ქიბარ ხალვაშმა, რომელიც სამართლებრივად, ყველანაირი პროცედურის დაცვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დარეგისტრირდა მესაკუთრედ, გამოიჩინა კეთილი ნება. ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს. ეს ძალიან კარგად იციან მათაც და ამბობენ კიდევაც. ეს არ არის ვალდებულება, ეს არის კეთილი ნება. “რატომ არ მაძლევ უფრო მეტს და არ მჩუქნი” – მგონი, არასწორია“, – აცხადებს პაატა სალია.