დიმიტრი ცქიტიშვილი: ხელისუფლების ამოცანა გვარამიას პოლიტიკური დევნა რომ ყოფილიყო, ეს მაშინაც გაკეთდებოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი პროკურატურაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის დაბარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლების ამოცანა გვარამიას პოლიტიკური დევნა რომ ყოფილიყო, ეს მაშინაც გაკეთდებოდა.
„შეუძლია, ნიკა გვარამიას მშვიდად იყოს. პროცედურები არსებობს, რაც კონკრეტულ საქმეს უკავშირდება. არ მგონია, ეს აჟიოტაჟის საფუძველი იყოს. რა გგონიათ, გვარამიას ისეთი შიში გვაქვს, რომ იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ? არ მგონია, ეს საკითხის მიმართ რაციონალური დამოკიდებულება იყოს. ვიღაცას საჩივარი აქვს შეტანილი და გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა, რეაგირება მოახდინოს. დანარჩენი მცდელობაა, ყველაფრისგან აჟიოტაჟი შეიქმნას“, – დასძინა ცქიტიშვილმა.
ცნობისათვის, პროკურატურა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებასა და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.