“ფულის გათეთრების” შემადგენლობა, ამ შემთხვევაში, არ გვაქვს” – კოჟორიძე TBC ბანკის საქმეზე
“ე.წ. ფულის გათეთრების შემადგენლობა, ამ შემთხვევაში, არ გვაქვს”, – ამის შესახებ TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით იურისტმა კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჟორიძის თქმით, TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული პროცესები საინვესტიციო გარემოზე მოქმედებს.
„შევუერთდები ბევრი იურისტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულის შემადგენლობა. ე.წ. ფულის გათეთრების შემადგენლობა ამ შემთხვევაში არ გვაქვს. რა ბრალიც აქვთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს წაყენებული, ამ დანაშაულის ნიშნები მათ ქმედებაში არ იკვეთება. არის თუ არა მათი ქმედება სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი – ამაზე პასუხი პროკურატურამ გასცეს, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ წაყენებულ ბრალში მათი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არ იკვეთება. შესაბამისად, ჩნდება კითხვები – თუ არ იკვეთება ამ დანაშაულის ნიშნები, მაშინ რატომ წაუყენეს, მაინცდამაინც, ეს მუხლი? ჩემი აზრით, პასუხი ძალიან მარტივია. საქმე ისაა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით კონკრეტულ დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადებია დადგენილი. ჩვენ ვიცით, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედება, რასაც პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს, 11 წლის წინ მოხდა. უფრო მსუბუქი მუხლი რომ წაეყენებინათ , ვიდრე დღესაა წაყენებული, მაშინ იმ მსუბუქ მუხლზე ხანდაზმულობის ვადა გასული იქნებოდა, ამ საქმეს მსვლელობა არ მიეცემოდა. ჩემი მოსაზრებით, სპეციალურად წაუყენეს მძიმე დანაშაულის მუხლი სწორედ იმიტომ, რომ საქმეს მისცემოდა მსვლელობა .
Tbc ბანკთან, ხაზარაძესთან მიმართებით, როცა კიბერშეტევასა და სისტემურ დანაშაულზე იყო საუბარი. საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული, მაგრამ უცებ ვიღაცას გაახსენდა 11 წლის წინ მომხდარი ამბავი. ეს არ არის კვალიფიციური ბრალი და, შესაბამისად, აჩენს განცდას, რომ ეს არის სწორედ პოლიტიკური მოტივებით განპირობებული საქმე. ეს რომ ურტყამს საინვესტიციო გარემოს, TBC ბანკის ინვესტორებს თუ ანაკლიის პორტს, ვფიქრობ, ამაზე ორი აზრი არ არის. თუ ქვეყანაში არ შეიქმნება სტაბილური გარანტიები ინვესტიციების მოზიდვისა და ინვესტორებისთვის, მაშინ ინვესტორი გაიქცევა. ლარსაც ვეღარავინ დაიჭერს”, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს 700 000 ლარის გირაო შეუფარდა, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვებისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
თამუნა შეყილაძე