კახა კოჟორიძე: ეს პროცესი არ აჩენს იმის განცდას, რომ ვიღაცას უნდა, „რუსთავი 2“ იყოს ისეთი, როგორიც არის

“ეს პროცესი არ აჩენს იმის გარანტიას, იმის განცდას, რომ ვიღაცას უნდა, „რუსთავი 2“ იყოს ისეთი, როგორიც არის”, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჟორიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით,
„ქიბარ ხალვაშმა დადო პირობა, თუ ისევ „რუსთავი 2-ის„ მესაკუთრე გახდებოდა, ის 50 %-ს დაუბრუნებდა აქიმიძესა და დვალს, ასევე, დვალს დანიშნავდა დირექტორად. მაგრამ  როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, დავინახეთ გუშინაც, რომ არანაირი 50 %-ისა და მენეჯმენტის ფუნქციის გადაცემას არ აპირებს. ახლა გვეუბნებიან – მე დავდებ პირობას, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას არ შევეხები და გვენდე სიტყვებზეო. ჯერ შეასრულეთ სიტყვები, მერე მოითხოვეთ გაცემულ სიტყვებსა და პირობებზე ნდობა. სხვანაირად   რანაირად უნდა ენდოს საზოგადოება ადამიანს სიტყვებზე, რომელიც არ ასრულებს თავის სიტყვას?

თუ არის ადამიანი, რომელსაც უნდა, შეასრულოს რაღაცა გარკვეული პირობა, შეუძლია, წერილობით, იურიდიულად ჩამოაყალიბოს მსგავსი შეთანხმება, მათ შორის ჟურნალსიტების უფლებების დაცვის თვალსაზრისით იმ კუთხით, რომ გათავისუფლება იყოს რთული და მათ ჰქონდეთ მუშაობის მყარი გარანტიები. საქართველოში არის კონსენსუსი, რომ თუ ვინმეს „რუსთავი 2“ წაართვეს, პირველ ყოვლისა, ესენი არიან აქიმიძე და დვალი, მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ უნდა მათ „რუსთავი 2“ დაუბრუნოს. მე ვერ ვიტყვი, რომ ქიბარ ხალვაში არ არის დაკავშირებული მოქმედ ხელისუფლებასთან. უამრავი გარემოებაა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არის დაკავშირებული. ეს პროცესი არ აჩენს იმის გარანტიას, იმის განცდას, რომ ვიღაცას უნდა, „რუსთავი 2″ იყოს ისეთი, როგორიც არის. შეიძლება, ამ ეტაპზე არავის ათავისუფლებენ, მაგრამ ელოდებიან შესაბამის მომენტს, როდესაც ეს მოხდება. ეს აუცილებლად მოხდება, თუ პროცესები ასე გაგრძელდა. მთელი ეს ამბავი იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილიყო. ეს არის ჩემი, ერთი მოქალაქის მოსაზრება”, – განაცხადა კოჟორიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები