დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტების შეხვედრის თარიღი ცნობილია

სადელიმიტაციო საკითხებზე მომუშავე კომისია ექსპერტებთან ერთად დავით გარეჯში 19 აგვისტოს ჩავა და მოლაპარაკებები დაიწყება. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გააკეთა.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.
„მოგეხსენებათ, რომ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 23-24 მაისს ბაქოში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების პირველი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ კომისიის ექსპერტები ჩაატარებდნენ გარკვეულ სამუშაოებს ადგილზე. აღნიშნულ პერიოდში მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დაზუსტების მიზნით. გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოში დაგეგმილია ექსპერტების პირველი შეხვედრა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს სწორედ კომისიის ფორმატში და ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე – საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის წყდებოდეს ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის გაზრდილია როგორც აზერბაიჯანელი, ისე – ქართველი მესაზღვრეების რიცხვი.
დარსალიამ მიზეზები განმარტა.
“როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად. აღნიშნულის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა. ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე, ასევე, გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დარსალიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სიმშვიდე და მაქსიმალურად იყოს კეთილგანწყობილი ატმოსფერო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები